302 ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა

23/06/2016

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2005-2009 წლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლების დაკანონების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში ეკომიგრანტების პრობლემა ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებისთვის სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
„71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. ეს არის კახეთის რეგიონში – 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში – 27 სახლი მიწის ნაკვეთით. უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები,“ – აღნიშნა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0