26 მაისი – კვირეულის საზეიმო დახურვა

27/05/2016

ქვეყნის ისტორიაში არის თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა მიანიჭა ერმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთია 1918 წლის 26 მაისი, როცა რუსეთის იმპერიის 117 წლიანი ბატონობის შემდეგ თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, მთავრობის თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი აირჩია და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადა.

დამოუკიდებელი და თავისუფალი ჩვენი ქვეყანა დღეს იუბილარია, მას დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი შეუსრულდა. თიანეთის მუნიციპალიტეტი საიუბილეო თარიღს კვირეულით აღნიშნავს, რომელიც 20 მაისიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს.
დღეს კვირეულის შემაჯამებელი ბოლო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაბა თიანეთში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული თიანელი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, „გმირების ბაღი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა მთიანეთის რწმუნებული, გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები დედაქალაქიდან.
„გმირების ბაღის“ გახსნის შემდეგ, სტუმრებმა დაბა თიანეთის განახლებული შემოსასვლელი და მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს, შემდეგ კი თიანეთის კულტურის სახლში გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა.

საზეიმო კონცერტს კიდევ უფრო მეტი ლაზათი შესძინა ახლახანს შექმნილმა ქორეოგრაფიულ ანსაბმლ „მზეკარის“ დებიუტმა, სპეციალურად მოწვეული ანსამბლის „საყდრიონის“ შემოქმედებამ, თიანელი სტუდენტებისა და სტუმარი მომღერლების რეპერტუარმა.

ორი დღის განმავლობაში თიანეთის კულტურის სახლში წარმოდგენილი იყო თიანელი მხატვრის, ლევან ხარანაულის და მისი მეგობრების ნამუშევრები.

თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ირაკლი ზვიადაურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობით, მოეწყო ლაშქრობა იკვლივის მთაზე.

კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ კულტურულ, საინფორმაციო და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახური, თიანეთის კულტურის სახლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მუსიკალური და საჯარო სკოლები, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სრულიად მუნიციპალიტეტი.
ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0