25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისაც შეეძლებათ

22/03/2021

ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა წრე ფართოვდება. კერძოდ, 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 65 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფებსაც შეუძლიათ-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის ექპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ჯგუფების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში სამედიცინო სფეროს აცრის მსურველი წევრების დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი აიცრა. გარდა ამისა, ხვალიდან, ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში სამედიცინო პერსონალს შეხვდება, ვინაიდან რეგიონებში მედიკოსების მხრიდან აქტივობა დაბალია. კოლეგებთან შეხვედრა საჩხერის კლინიკიდან დაიწყება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ფაიზერის“ ვაქცინასაც, რომელიც საქართველოში მარტის ბოლომდე შემოვა. მინისტრის განცხადებით საქართველოში “ფაიზერის” შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.
ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ვაქცინაციის პროცესი კვლავ ამბულატორიულ დონეზე განხორციელდეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 27 წლის ექთნის გარდაცვალებასაც გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ახალციხეში დაწესებულებას, სადაც მეგი ბაქრაძე მუშაობდა რეანიმაციული განყოფილებაც აქვს და აღნიშნულ დაწესებულებაში ყველა საჭირო დახმარება უზრუნველყოფილია. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „იმედის“ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება. ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეტაპობრივად ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური გახდება. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი 15 22 , ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0