25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი

21/06/2020

პარლამენტმა, 136 ხმით, 5 -ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს. კანონპროექტის განხილვამდე, რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება და ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად, დასრულებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს სხდომაში მონაწილეობისთვის და შეახსენა, რომ სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

„ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა სრულად პროპორციული საარჩევნო მოდელით. დღეს ჩვენი ქვეყნის – საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს უკვე არის ისტორია. 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი და აღნიშნული საკითხი არაერთი მოწვევის პარლამენტის, არაერთი პოლიტიკური თაობის კამათისა და განხილვის საგანი იყო.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს უკვე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში როგორც მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლსა და მონაწილეობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური დებატების აქტიური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების მასპინძლობისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატების – აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს ელჩების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბებაში.

„სწორედ ამ შეთანხმების გამო, დღეს შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ მივიღოთ მრავალპარტიული გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსის შესახებ განმარტებები გააკეთა და იმ მთავარ საკითხებზეც ისაუბრა, რაზეც საჯარო განხილვების დროს მოქალაქეებმა გაამახვილეს ყურადღება. მისი თქმით, თემები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების წევრების მხრიდან კითხვები დაისვა, ძირითადად, ოლქების ფორმირებას, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობასთან, გლობალური პანდემიის დროს საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარებას უკავშირდებოდა. მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2018 წელს მიღებულ რედაქციაში დაკონკრეტებულია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი – 31 ოქტომბერი.

„კომისიის მუშაობის ფარგლებში არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული. არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა, და არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რამე სიახლე, მით უმეტეს, რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური, საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონსტიტუციური კანონის პროექტი რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის თქმითაც, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა.

„ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას, სადაც საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად და ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით, ახალი გადანაწილებით – 120/30-ზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად: არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით; პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;
იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს;
ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს;
კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თბილისში შექმნილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აღმოსავლეთ საქართველოში – 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 12.

„არსებითად, ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, გადახრა, როგორც წესი, არ უდნა აღემატებოდეს 15%-ს საშუალო მაჩვენებლიდან. გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პარტია; ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო;
ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, მაშინ იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.

„თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში პარლამენტი აირჩევა არა ოთხი წლის ვადით, არამედ ამაზე მცირე ვადით, კერძოდ, პარლამენტს უფლებამოსილების ვადა გაუვა 2024 წლის ოქტომბერში“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ცალკეულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა.

თამარ ჩუგოშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დავრჩი იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს მეორედ არ განმეორდება დღეს და ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება და ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, თავის პასუხისმგებლობას აიღებს და ხმას მისცეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება“.

ეკა ბესელია: „იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი და ცვლილებები მხარდაჭერილი იქნება და იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება ამ ქვეყანაში, მშვიდობიანად მოხდება ცვლილება, რომელიც სჭირდება ქვეყნის ხვალინდელ განვითარებას, მომავალს, ჩვენს ხალხს, რომელსაც უნდა ნახოს თუ რას ნიშნავს სამართლიანი გარემო და რას ნიშნავს სამართლიანობა ადამიანებისთვის, რომელსაც ისინი სამწუხაროდ, ვერც დღეს პოულობენ“.

გედევან ფოფხაძე: „დღეს ჩვენ გვაქვს შანსი და ეს შანსი აქვს, პირველ რიგში, უმრავლესობას, რომ ყველაფერი იყოს გამოსწორებული და მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომელიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესი, არამედ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესია. ამიტომ, სხვა პოლიტიკურ ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ოპოზიცია, რომელიც ასეთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაზე არ შემოდის და ხმებს გვამადლის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და უმრავლესობა, რომელმაც ჩააგდო თავის დროზე ეს კანონპროექტი, მოიქცა არასახელმწიფოებრივად. დღეს ჩვენ ყველას ერთად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება არა უმრავლესობის და არა ოპოზიციის ინტერესი, არამედ ქართველი ხალხის ინტერესი“.

ლევან კობერიძე: „როდესაც ჩვენ მყარი თანხმობა განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ამან, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივად ვერანაირ მიზეზს ვეღარ მოძებნიდით, რომ „მანევრები“ გაგეკეთებინათ იმიტომ, რომ ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისია ამ კანონის მისაღებად და შესაბამისად, თქვენც წაგერთვათ საშუალება გადაგებრალებინათ ვინმესთვის პროექტის ჩავარდნა. მეორე მხრივ, კარგად გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ, როდესაც ისინიც აღმოჩნდებოდნენ გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში ხმის არმიცემის შემთხვევაში. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ყურადღება გაამახვილოს ამ ფაქტზე“.

ალექსანდრე ერქვანია: „წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ის, რასაც დაპირდით ხალხს ერთი წლის უკან. ეს არის ოპოზიციასთან მოსახლეობის ზურგს უკან ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ არის, რომ მოსახლეობამ დღემდე ვერ გაიგო რაზე შეთანხმდით და რა პასუხისმგებლობა აიღეთ. სამწუხაროდ, ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

გია ჟორჟოლიანი: „მისასალმებელია, რომ როგორც იქნა ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ და მისასალმებელია, რომ მოსახლეობა ელოდება არჩევნების დროს ქვეყნის განვითარებაზე საუბარს, ქვეყნის განვითარების ხედვას და ამიტომ, მივესალმები იმას, რომ ამ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დამთავრდება პრაქტიკულად აზრს მოკლებული პოლემიკა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია“.

დავით ჭიჭინაძე: „20 ივნისს, პროტესტის შედეგად გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადიოდა ქვეყანა. გასაგები იყო ეს არგუმენტი, მაგრამ დღეს, რატომღაც, არსებობს შუალედური ვარიანტი და როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73-ს ხალხის მსახურებაში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გამოდის, რომ ამდენი ცვლილება, რომლითაც ამაყობდა „ქართული ოცნება“ ტყუილად ჩატარებულა. როდის ვიტყუებოდით დღეს, თუ მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ აწყობს ის საკონსტიტუციო ცვლილება, ყველას აქვს საშუალება მოვიდეს, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს და ჩაატაროს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა ამ ცვლილებებს არ ექნება“.

ბიძინა გეგიძე: „ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ კონსტიტუციურ ცვლილებას. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ სისტემით არჩვენებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი და დღევანდელი ცვლილებები ვერანაირად ვერ ახდენს კომპენსირებას იმ „გადაგდების“, რაც მაშინ მოხდა“.

ემზარ კვიციანი: „მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ამ ცვლილებას, რომ შეგეცვალათ ერთი პუნქტი და ჩაგეწერათ სავალდებულო. ჩვენ სულ გვესმის აპელირება 8 მარტის დანაპირებზე. რატომ არ საუბრობენ 2012 წლის 1 ოქტომბრის დანაპირებზე – სამართლიანობის აღდგენაზე, რისთვისაც ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“.

ნატო ჩხეიძე: „ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში და რომელმაც ამდენი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, არ არის იდეალური, არც უკეთესი და არც რაიმე მნიშვნელოვანი სამართლის მომტანი არ იქნება. ცვლილებები აუცილებელია ქვეყანაში, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა იყო აღებული „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“.

ირმა ინაშვილი – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ – დემოკრატები“: „ყველას მოვუწოდებ, კარგად გავაცნობიეროთ რა დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია დღეს. დიახ, არ არის იდეალური ის ცვლილებები, რაც არის წარმოდგენილი. დიახ, ბევრი კრიტიკული შენიშვნა გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო თანმიმდევრული მთელ ამ პროცესში. სხვებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვივაჭრია არავისთან ამ თემასთან და არც სხვა თემებთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს ჩვენ ვართ ვალდებული, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს და უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება“.

გიორგი გაჩეჩილაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“: „სახელმწიფოებრივი მიდგომა თუ გვაქვს, აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები არის საფეხური მომავალი საპარლამენტო რესპუბლიკის მთლიანად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც არის სტაბილურობის და დემოკრატიის ყველაზე მაღალი რანგი. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ძალიან საინტერესოა ჩვენი ევროპული გზის მკვეთრი განსაზღვრისათვის“.

ბექა ნაცვლიშვილი – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“: „დღეს ისტორიული დღეა მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკური განწყობა გვაქვს და მეც მაქვს ეს განწყობა, ვინაიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე არ გადავდივართ და ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ ესეც არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რასაც დღეს გადავდგამთ.
მე ვთხოვ ყველას მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებას რათა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და საფუძველი შევქმნათ ამ ქვეყნის რეალური განვითარებისთვის რაც სწორედ მრავალპარტიულ დემოკრატიას უკავშირდება“.

მარიამ ჯაში – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“: „დღევანდელი კენჭისყრა საქართველოში ხდება ახალი პოლიტიკური რეალობის საწყისი. კონსტიტუციური ცვლილებების ბოლომდე მიყვანა ნიშნავს, რომ მომავალი საქართველოს პარლამენტი იქნება უფრო სახალხო, ჩვენი საზოგადოების ნების უფრო უკეთ გამომხატველი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანი და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად ორიენტირებული ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე. ჩვენი ფრაქციის 7 ხმა გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს“.

გიორგი ვოლსკი – ფრაქცია „ქართული ოცნება“: „რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული. მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მასში ჩვენს როლს, ჩვენს პოზიციას. ფაქტია, რომ უპრეცენდენტოა ის მდგომარეობა, რაც დღეს გაგვაჩნია საერთაშორისო სტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ კი საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია ჩვენს ისტორიაში, განვითარებაში და სიტუაციის დალაგებაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ არ თქვას, რომ საქართველოში საზოგადოების, ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, ვინც არ უნდა ჩაერიოს. ასე რომ დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრადიცია შევინარჩუნოთ, ისტორიის საუკეთესო ნაწილების რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენს ახალგაზრდობაში”.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, სხდომის მონაწილეებს დასკვნითი სიტყვით ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0