21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21/03/2016

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ მათთან ერთად, ვერთიანდებით აქციაში, რომლის მთავარი მიზანია, ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა.

დღევანდელი დილა დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა – შევხვდი ორ შესანიშნავ ახალგაზრდას – გიგო შიუკაშვილსა და ლექსო ფოდიაშვილს. ძალიან მახარებს ამ ახალგაზრდების მიზანდასახულობა. ბედნიერებაა იმის მოსმენა, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს – აქვთ საოცარი გეგმები, იდეები, რომელთა განხორციელებასაც ისინი დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეძლებენ.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს გიგო და ლექსო საზოგადოების აქტიური წევრები არიან. ამ შეხვედრის შემდეგაც, ისინი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებსა და მათ მეგობრებს, რომლებიც მუდამ მათ გვერდში დგანან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ გიგოსა და ლექსოს, მათთან ერთად კიდევ ბევრი ბავშვისა და მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, რაც ასე ფასდაუდებელია ამ ბავშვებისა და მათი მომავლისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების წევრთა ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

ახალგაზრდებო, თქვენ ერთი დაუვიწყარი დღე მაჩუქეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0