პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი წარადგინა. პროექტის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის დროს შემოღებული იქნა კოეფიციენტები და დადგინდა ამ კოეფიციენტების ზედა ზღვარი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრებისთვის.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება ავტომატურად არ ასახულა პარლამენტის წევრების ანაზღაურებაზე, ვინაიდან, იმისათვის, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეიცვალოს, ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში. იმ მომენტში კი, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანა და შესაბამისობაში არ მოიყვანა პარლამენტის წევრების ანაზღაურება დადგენილ კოეფიციენტებთან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება 2013 წლიდან არ შეცვლილა, ხოლო 2013 წლამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტის წევრებს შეიძლება ნომინალურად ხელფასი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე დღეს, თუმცა რეალობაში გაიცემოდა პრემიები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ოდენობის და განსაკუთრებით, ზოგიერთ თანამდებობის პირს ფაქტობრივი ხელფასი უფრო მეტი გამოდიოდა.
„10 წელია საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა ხდება. ბოლო წლების განმავლობაში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ახლაც, 2024 წლისთვის საჯარო სექტორში 10%-იანი ზრდა იქნება და საბოლოო ჯამში, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელფასი 30% -ით გაიზრდება. ერთი მხრივ, პარლამენტის აპარატის თანამშრომელების ხელფასების ზრდამ და მეორე მხრივ, პარლამენტის წევრების ანაზღაურების ერთ ადგილზე გაყინვამ გამოიწვია ის, რომ დღეს პარლამენტის აპარატში 48 პირია დასაქმებული, ვისაც უფრო მაღალი ხელფასი აქვს ვიდრე პარლამენტის წევრებს. თუ გავითვალისწინებთ ხელფასის 10%-იან ზრდას მომავალი წლიდან, ამ სიას 61 ადამიანი დაემატება და 1 იანვრიდან დაახლოებით 110 ადამიანი იქნება პარლამენტის აპარატში დასაქმებული, მათ შორის, არა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ექნება პარლამენტის წევრზე უფრო მაღალი ანაზღაურება. ეს გახლავთ პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირების დაახლოებით 10% და ესეც აჩვენებს, რომ არ არის ადეკვატური არსებული თანაფარდობა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება ხელფასის ზრდა როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო სექტორში, პარლამენტის წევრებისთვისაც მოხდეს, ადეკვატურად, ანაზღაურების ზრდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებით, მომდევნო მოწვევის პარალამენტის წევრების ანაზღაურება 2025 წლის 1 იანვრიდან დაუახლოვდება კანონით დადგენილ კოეფიციენტებს, თუმცა სრულად არ მოხდება მისი ათვისება და ის იქნება დადგენილი მაქსიმალური ზღვრის 85%, ისევე, როგორც ეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შემთხვევაშია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შეთავაზებული ცვლილებით ხდება ერთჯერადი გადახდის წესის შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 – ისა; პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარი, ნაცვლად 10 000 -ის და პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, გადაეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000-ის.