2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი

22/09/2023

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება. მას კითხვებით პარლამენტის წევრებმა: რომან გოცირიძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, დავით უსუფაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა, ბექა ლილუაშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა მიმართეს. მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა უკავშირდებოდა საკითხს, არსებული მდგომარეობით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში. მისი თქმით, 2022 წელი იყო მოსამზადებელი წელი იმისთვის, რომ სახელმწიფოს უკვე 2023 წელს დაეწყო საერთაშორისო კონკურსი.

„2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი. ეს პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. 2022 წელს გვქონდა შესაძლებლობა გაგვეახლებინა კვლევები. რეალობა რეგიონში შეიცვალა, სულ სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს დღეს ცხოვრება, აქედან გამომდინარე დაზუსტდა ბევრი მონაცემი იმისთვის, რომ ეს სანდო ყოფილიყო პოტენციური პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მონაწილეობით შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატებს.

მისი თქმით, პროცესის დასრულების ვადად განისაზღვრა 19 ივნისი, ამ პერიოდში კომისიამ განაცხადი ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან მიიღო. მინისტრის განცხადებით საკვალიფიკაციოდ განისაზღვრა მნიშვნელოვანი პირობები, რათა შეერჩიათ ისეთი პარტნიორი, რომელიც სანდო და საიმედო იქნებოდა მომავალი თანამშრომლობის კუთხით, სახელმწიფოსთან ერთად, ვინაიდან პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო და 49%-ის – კერძო პარტნიორი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ორმა ჯგუფმა დააკმაყოფილა – ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, ხოლო მეორე – ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომლებიც მეორე ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარდგენის ეტაპი, გადავიდნენ. სწორედ ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ იქნება სახელმწიფოს კერძო პარტნიორი.

„რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, კონკურსში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ან სხვა ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს, შეიქმნა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი. სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე, ძალიან უპასუხისმგებლო შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0