2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია

08/12/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება. მისი თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი. ჯამში, სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად, მილიარდ 768 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა მილიარდ 632 მლნ ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მომავალ წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა – 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

„აღნიშნული თანხიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – 211 მლნ ლარი. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომლისთვისაც გამოყოფილია, დაახლოებით, 500 მლნ ლარი. 2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობებიც განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესყიდვა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.

„არსებობს თარიღები, რომლებიც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა-ახალი წლის დღეების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანაქალაქელები საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია.

„მინდა, დავპატიჟო ყველა. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება. გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსია“.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას. პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ პროექტით, მათ ჩანაცვლებას შევძლებთ, თუმცა, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. არის შემთხვევები, ჩაშლილა მოლაპარაკებები, რადგან იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე მათ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს.

„უკანონო მშენებლობები მუნიციპალიტეტისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წლიდან ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. შევცვალეთ რეგულაციები, გავზარდეთ ჯარიმები, მაგრამ ამ ყველაფერმა პრობლემა ვერ მოაგვარა. შემდეგ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რაც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა: ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. მომავალში დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, ახალი კანონმდებლობით დამძიმდა სანქციებიც. ცალკეულ შემთხვევებში, სამშენებლო სამუშაოების დარღვევების გამო, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოვიდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ნებართვა ოთხსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე იყო გაცემული.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პროექტის დარღვევით წარმოებულ ობიექტთან დაკავშირებით. აქ, წლების წინ, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა ოთხსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, თუმცა, ორი სართული უნებართვოდ დააშენეს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის რეაგირებისა და მოლაპარაკების შედეგად, მესაკუთრე უნებართვოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს აპირებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის – „EMYA – ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანი იქნება სამუზეუმო სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარების მიმართულებით.

„აღსანიშნავი სიახლე გვაქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში. გარდა იმისა, რომ ახლახან მათ BP-ს მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვეს სერვისების განვითარებისთვის, ამჯერად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გახდა ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის – „EMYA – ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი. ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს, სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას სამუზეუმო სივრცეში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ დედაქალაქში ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუზეუმების განახლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„მუზეუმების განახლებას და რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოვლილი, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, მიხეილ ცალქალამანიძე წარუდგინა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგია.

„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მიხეილ ცალქალამანიძე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგია. ბატონი მიხეილი არის ტიხრული მინანქრის, ლითონზე და ხეზე კვეთის ოსტატი, ტიხრული მინანქრის სიმპოზიუმის ორგანიზატორი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, მედლით – „წლის საუკეთესო ნამუშევარი“, საპატიო სიგელით ქართულ კულტურაში საპატიო ღვაწლისთვის, ასევე, ოქროსა და ვერცხლის მედლებით. მიხეილ ცალქალამანიძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დასაქმებულია 1 957 წლიდან და უკვე 65 წელია თავის ცოდნას და მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს. მადლობა მას მომავალ თაობაზე ზრუნვისთვის”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0