თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა.
„სრულდება 2023 წელი და მინდა, მოკლედ შევაჯამო, რა შევძელით და რა პროექტები განვახორციელეთ. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში, რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ქუჩაზე ჩატარდა; 26 მილიონი ლარი დაიხარჯა 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად; 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1 750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა. თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც.
„ჯანდაცვის პროგრამებში, ჯამურად, 81 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაიონული გამგეობებისგან დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, 33 000 ბენეფიციარმა კი მიიღო მედიკამენტების დაფინანსება; სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა; გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2 500-მდე მოქალაქე. „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისთვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სატრანსპორტო გეგმაზე და ზოგადად, წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.
„აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა; აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა; შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოემსახურება მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, 2023 წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 620 პირი.
„ჯამში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 2 350 პირი. ამჟამად, მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, ე.წ. კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. N6 და სხვა. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე ორ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მომავალი წლის გეგმები და ის გამოწვევებიც გააცნო, რაც დღეს ქალაქს აწუხებს.
„ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს და მომავალ წელსაც განხორციელდება. ცხადია, არსებობს გამოწვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჩვენ ვართ შემართებით, გვაქვს შესაბამისი განწყობა იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას ვუპასუხოთ ღირსეულად, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მეტი პროექტი, რომ ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული იყოს, უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი გამწვანებული სივრცე გვქონდეს. მთლიანობაში, ნაყოფიერი წელი იყო. ზოგიერთ პროექტი გრძელდება მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, მეტი საქმე, რადგან ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ეს საჭიროებები ეფექტურად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა.
„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი – მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ადამიანები საქმეში სულსა და გულს დებენ. გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის, გვჯერა ხვალინდელი დღის და იმის, რომ ამ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვეებით, დამთავრებული ვიცე-მერით, ამ წლის შედეგებისთვის და ზოგადად, მათი დაუღალავი შრომისთვის თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელთა მხარდაჭერით, შევძლებთ ქალაქისთვის საჭირო ინიციატივების რეალიზებას. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისაც საზოგადოებამდე მიჰქონდა დედაქალაქის ყველა სიახლე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ მომავალში, რისი საფუძველიც არის თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა. მადლობა ამისთვის თბილისის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გულწრფელად უხარია ქალაქის წინსვლა, ჩვენთან ერთად განიცდის გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენ ხართ სტიმული იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება.
„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.
„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. თბილისის მერის თქმით, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
„31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება შობის ღამეს, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.