„რეგიონებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რაც მიწის რესურსებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შეფასებისას. აღნიშნულ კანონპროექტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან 2 მიმართულებით მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით 2022 წლის 1 იანვრიდან იხსნება საშეღავათო რეჟიმი როგორც სისტემური ასევე სპორადული რეჟიმისთვის ამან გარკვეული გამოწვევა წარმოშვა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული რეფორმა.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე იწყებს მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს და 2022 წლის 1 იანვრიდან რეალურად იწყება ახალი ფაზა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს და მის მხარდაჭერაზე მზაობა განაცხადეს.
„აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწის ეფექტიანად მართვის სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი და სწორედ ამ ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც გაგვაცნეს ეს მონახაზი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რეგიონებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რაც მიწის რესურსებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ეს სასტარტო ნაბიჯი ხელს შეუწყობს სხვა ინიციატივების განხორციელებასაც“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს დარეგისტრირება, რათა ვიცოდეთ ვინ რისი მფლობელია. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. მიწის რეგისტრაციის შემდეგ გაირკვევა რა უნდა გაიცეს კერძო საკუთრებაში და რა უნდა დარჩეს სახელმწიფოს ბალანსზე. ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.