2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები

08/11/2021

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვები დაიწყება. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.

„უპირველს ყოვლისა, გაზრდილია ხარჯების ნაწილი 395 მილიონით და ასიგნებები აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონ ლარს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5%-დან გაზრდილია 10%-მდე. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისათვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში. ეს მონაცემი შენარჩუნებულია და აქედან გამომდინარე, ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს. ასევე, შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აღწევს 52.2%-ს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ბევრი მხარჯავი სუბიექტის დაფინანსება, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 71 მილიონით. მისი თქმით, ინიცირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები.

„ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ხარჯვით ნაწილს, კერძოდ, 175 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდოს 10%-ით. მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში კომიტეტი უკვე დეტალურად განიხილავს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0