ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.
„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენ მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2% და მთავრობის ვალი როგორც მოგეხსენებათ 51,1% იქნება 2022 წელს. პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაპირების შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის. მინისტრის განმარტებით, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარის ანაზღაურება, რომელიც 2019 წელს გაიზარდა, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული იყო.
„როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება პენსია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44-ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი დამატებით 300 მილიონი ლარი გამოიყოფა”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა 2022 წელს სამინისტროების დაფინანსებაზე.
„ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 404 800 ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 000 000 ლარით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 932 000 000 ლარს, გაზრდილია 290 000 000 ლარით. აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება პროგრამა „აწარმოე საქართველოში” პროექტებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2,8 მილიარდ ლარს. ბიუჯეტი გაზრდილია 430 000 000 მილიონზე მეტი ლარით. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 568 400 ლარს, გაზრდილია 14 000 000 ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 176 000 000 ლარს, თითქმის 6 000 000 ლარამდე გავზარდეთ.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს და გაზრდილია 72 000 000 ლარით ბიუჯეტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 865 000 000 ლარს, გაზრდილი გვაქვს 85 000 000 ლარით.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000, გაზრდილია ნახევარი მილიონი ლარით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 593 000 000 ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 684 000 000 ლარს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 000 000 ლარს. შედარებისთვის, 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს. გამოდის, რომ დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით ჩვენ შევძელით მშპ-ს, მთელი ეკონომიკის გაზრდა, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში ამ კვირაში მოხდება, რათა შესაბამისი ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ამ თემაზე კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე გაიმართა.