2022 წლის განმავლობაში აგრარულ საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო საქმიანობას ეფექტურად ახორციელებდა

22/02/2023

„2022 წელს კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს, ასევე, თანამშრომლობდა დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. კომიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის დაგეგმილი აქტივობებიდან სრულად განხორციელდა 80%. შესრულებულ საკითხებს შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, როგორიც არის კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებები, „სურსათის დანაკარგების, ნარჩენების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი, ფერმერული მეურნეობის შესახებ კანონი და ნიადაგის შესახებ კანონის პროექტი.

„საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა 20 ანგარიში, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალი სტრუქტურების საქმიანობაზე, ასევე სამუშაო ჯგუფების და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კომიტეტმა მოამზადა ერთი თემატური მოკვლევის ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მანვე იმ საპილოტე პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში დაიწყო და მათი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მიმოიხილა.

„კომიტეტმა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, სსიპ – აწარმოე საქართველოში, სსიპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, შეიმუშავა პროექტი, რომელიც მოიცავდა სასწავლო/ტრენინგ-კურსის „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ განხორციელებას საპილოტედ შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0