„2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11,194 დამსაქმებელი. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,235,938 შეადგინა. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ კი 1,782,134,866.25 ლარს მიაღწია“, – განაცხადა სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სააგენტოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 კომერციულ ბანკში ჰქონდა გახსნილი, რომელთა მეშვეობითაც საპენსიო შენატანების შეგროვება ხდებოდა. გიორგი დანელიამ საინვესტიციო საქმიანობაზე და კომერციულ ბანკებში თანხების განთავსების, მისაღები სარგებლის ოდენობებზე და არსებული სქემების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.
„2021 წელს საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა 22 ახალი ინვესტიცია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, ჯამური მოცულობით 518,198,866 ლარი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების 90.35% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და სააგენტოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ შეაფასა.
„სრულად ვაანალიზებთ თუ როგორი რთულია ახალი საქმის დაწყება. მითუმეტეს იმ საქმის, რომელიც მუდმივად ჩვენი მოქალაქეების გულისწყრომას იწვევდა, რომ მათ არ ქონდათ გარანტირებული საპენსიო ანაზღაურება. ის რაც მონაცემები, რაც სააგენტოს დირექტორმა მოიყვანა ნამდვილად შთამბეჭდავია და მნიშვნელოვანია ის, რომ 2020 წლის შემდეგ 1.1 მილიარდი ლარიდან 2022 წელს თითქმის 2.7 მილიარდი ლარია უკვე მობილიზებული საპენსიო ფონდში. მინდა აღვნიშნო, რომ საპენსიო ფონდის მიმართ მოსახლეობის ნდობა ყოველწლიურად იმატებს და თუ საინვესტიციო პორტფელის განთავსება გაგრძელდება სწორედ და ადექვატურად, როგორც აქამდე ხდებოდა, ამონაგები თანხები კიდევ უფრო გაიზრდება და წლიდან წლამდე მათი მატება მოხდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.