2020-2030 წლების საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შესრულების ანგარიში მოისმინეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა დამსწრეებს ასევე გააცნო სამინისტროს ხედვები, ახალგაზრდობის სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტები და ის მიზნები, რაც უწყებაში ახალგაზრდობის ხელშეწყობის კუთხით მუშავდება. თემატურ მიმართულებებზე საუბრისას, მომხსენებელმა შემდეგი სფეროები გამოყო: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება, ახალგაზრდული ბანაკების ფუნქციონირება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციური განვითარება, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა და მოხალისეების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მინისტრის მოადგილემ თითოეულ ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და ის კონკრეტული პროექტები დაასახელა, რომლებიც ახალგაზრდობის მხარდასაჭერად ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინისტრის მოადგილემ მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული 2023-2026 წლების ახალგაზრდულ სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი სრულად ეფუძნება პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას, ხოლო სამინისტროს მიზანი იყო აღმასრულებელ დონეზე მოერგო ყველა ის ვალდებულება, რაც გამომდინარეობდა კონცეფციიდან მინისტრის მოადგილის ანგარიში კომიტეტის წევრმა, პარლამენტში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ შეაფასა და მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, მადლობა გადაუხადა.
„აღსანიშნავია, რომ სამინისტრო პირველად წარადგენს ახალგაზრდობის მიმართულებით ანგარიშს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია. ამ სფეროზე გაძლიერებული ყურადღება ლოგიკურია და იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც უახლოეს წლებში გვაქვს დასახული. მისასალმებელია, რომ სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა სტრატეგია. დოკუმენტი გვაძლევს ხედვას, თუ როგორ აპირებს ცენტრალური ხელისუფლება შემდეგი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის განვითარებას,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა კი აღნიშნა, რომ პარლამენტი აქტიურად დააკვირდება ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას განახორციელებს. ირაკლი მეძმარიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის სახელმწიფო რწმუნებულებისგან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ახალგაზრდობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის ვალდებულებებს, კომიტეტი 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახავს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ირაკლი გივიაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.