2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს.
სააგენტოს პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამართა. მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა.
კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიც წარადგინეს. როგორც დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა აღნიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სერვისების მეშვეობით მუშაობა დაიწყო 7000-მდე ადამიანმა, მათ შორის კი 500-ამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
„შედეგებით არ ვართ კმაყოფილი თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, პროგრამები ხდება უფრო პოპულარული ჩვენი საინფორმაციო პორტალი worknet.gov.ge-ს საშუალებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავზრდით მაჩვენებელს“, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, თეა ახვლედიანი და ზაზა ბოხუა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხდა წლის საუკეთესო პარტნიორებისა და დამსაქმებლების გამოვლენა და მათი დაჯილდოება.