2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ

19/08/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალური ვებგვერდის გარდა, რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრშია შესაძლებელი.

„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იმისთვის, რომ მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. ამიტომაც, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს – აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად, აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვისცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, აღინიშნა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის წესების ან სხვა ქალაქგეგმარებითი მიზეზების გამო, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.

„ძალიან დიდი არეალი განისაზღვრა და გარკვეული ტიპის მშენებლობების განხორციელება შეიზღუდა, რადგან თბილისის ზღვისგან დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლით ამარაგებს. დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რომლის შემდეგაც, სანიტარიული დაცვის წესები დამტკიცდა. ასევე, განისაზღვრა გარვეული რეგულაციები, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნული ტერიტორიის განვითარება სწორედ ამ წესებისა და რეგულაციების მიხედვით უნდა მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების დამტკიცების შემდეგ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტოტიის დიდ ნაწილს არსებული შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ზონები, სადაც კერძო მესაკუთრეებს ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა ვერ მიეცემა.

„ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული პრობლემა აქვს და ზონირების სტატუსის გამო, სხვადასხვა ქმედების განხორციელებას ვერ ახერხებენ, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და რა თქმა უნდა, ისინი არცერთ თეთრს არ დაკარგავენ. იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. იმის გამო, რომ მესაკუთრეებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, მოხდება მათი საკუთრების შეფასება და იმავე ფასში ადგილმონაცვლეობას შევთავაზებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების დახმარების სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. დედაქალაქის მერმა ყურადღება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 25 აგვისტოდან სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირი – MASTER LEAGUE ჩატარდება.

„საპილოტე პროექტის სახით, გასულ წელს საფეხბურთო ტურნირი – MASTER LEAGUE, ფეხბურთი 7X7-ზე ჩავატარეთ. წელს, მასშტაბებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ტურნირს ვატარებთ, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს, რაჭაში გაიმართება. ტურნირი თბილისში 25 აგვისტოდან დაიწყება. პროექტში, დაახლოებით, 12 000 ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. იქნება საპრიზო ფონდებიც. ასევე, ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა, მხარდაჭერა იმისთვის, რომ მსგავს ტურნირებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის მიმართულებით, პროექტები კონკრეტულ ქუჩებზე უკვე გვაქვს განხორციელებული, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე განხორციელდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, მათი კერძო ავტომობილები ჩვენს სისტემაში დაარეგისტრირონ, რათა პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, პარკირება უფასო იყოს. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის და მათთვის, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს. სხვა უბნებიდან შემოსული ადამიანებისთვის პირველი 15 წუთი არის უფასო და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება გადასახადი, როგორც ეს გვქონდა წინა შემთხვევებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო პავილიონები, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა და დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა. მისი განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული.

„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება გვეძლეობდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ინფრაქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დროებით შეჩერება ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.

„2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი; ქეთევან დედოფლის გამზირი, სადაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება; ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება; აღნიშნულ პროექტებს, ამ ეტაპზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება მათი განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდა დაავალა, რათა დედაქალაქის მთავრობამ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლოს.

„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება მეტი საპრივატიზაციო აქტივი მოვიძიოთ. შეიძლება ეს იყოს მიწები, შენობა-ნაგებობი, რადგან შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და პრობლემები გვაქვს. მესმის, რომ ბევრი დაწესებულება დახურულია და ეკონომიკური აქტივობები ჯერ კიდევ არ შეინიშნება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნესსექტორი, გავზარდოთ საპრივატიზაციო ნუსხა იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი გვქონდეს და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0