პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. დღესვე განიხილეს და მიიღეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განმარტებით, ახლებურად წესრიგდება საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესთან დაკავშირებული საკითხები. ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი ნორმები იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე. პარლამენტმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე ერთხმად, 80 ხმით აირჩია.
კენჭისყრის შემდეგ, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ევროკავშირში ვიზიტს გამოეხმაურა.
„ვიზიტის ფარგლებში იყო წარმატებული შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის და იმის, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაში. საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა მიმოიხილა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში გარემოს დაცვითი პოლიტიკის კუთხით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. მან, ასევე, ისაუბრა 2021 წლის გეგმების შესახებ.
„2020 წელი იყო გადამწყვეტი ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებისა და სამრეწველო სექტორიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების და პრევენციის კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და ახალ პასუხისმგებლობით სისტემას აყალიბებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებთან და პოლიტიკასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა სატყეო კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება.
„2018 წლიდან დაიწყო სატყეო კონცეფციაზე მუშაობა და 7-8 წელი მიმდინარეობდა რეფორმა, დიალოგი და დისკუსია როგორც ყველა ექსპერტთან ადგილობრივ დონეზე, ასევე დიდი იყო საერთაშორისო ჩართულობა, ჩვენი დონორების მხარდაჭერა, ევროპის ბევრი ქვეყანა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობდა და, საბოლოოდ, პარლამენტმა 2020 წელს მიიღო ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში შედის მიმდინარე წლის იანვრიდან. კოდექსი აყალიბებს ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკას, რაც საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივი რესურსი გამოვიყენოთ მეტი ეკონომიკური სარგებლით და ასევე, უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვქონდეს ტყეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დავასრულოთ ტყეების ეროვნული დონის აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მინისტრმა ისაუბრა ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში.
„ეს არის თანამედროვე ევროპული მიდგომა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, რაც ასევე განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა წყლის რესურსების სწორად მართვის მნიშვნელობაზე. „წყალი არის 21-ე საუკუნეში ყველაზე ღირებული რესურსი და ყველაზე უფრო გასაფრთხილებელი. ამ მხრივ სამინისტრო მუშაობდა ყველა ჩართულ მხარესთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მინისტრის განცხადებით, 2012-დან 2020 წლამდე აგროსასურსათო და სავაჭრო ბალანსი, ანუ დეფიციტი შემცირდა ერთ მესამედამდე.
„ეს იყო ჩვენი პირობა, რომელიც განვაცხადეთ, რომ 2020 წლისთვის საქართველო იქნება ექსპორტიორი ქვეყანა და გვაქვს უფრო ამბიციური მიზანიც 2030 წლისთვის. ათწლიანი გეგმების ფარგლებში უფრო დეტალურ ინფორმაცის პრემიერ-მინისტრი წარმოგიდგენთ, თუ რა ნიშნულზე უნდა გავიდეთ და რა წვლილი უნდა იყოს ექსპორტის კუთხით აგროსასურსათო პროდუქტების. ასევე, 40%-ზე მეტით გაიზარდა ყველა პარამეტრი ამ პერიოდში. 43%-ით გაიზარდა პირველადი პროდუქციის გამოშვება 2019 წელს, ეს იყო 5, 3 მლრდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, 2021 წელს მნიშვნელოვანი და ხელშესახები ზრდის მოლოდინი არსებობს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, უწყებამ პანდემიის პირობებში შეძლო სპეკულაციური ფასებისგან დაცვა და უწყვეტი სასურსათო უზრუნველყოფა. მინისტრმა კერძო სექტორს პანდემიის პირობებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კოვიდ პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სასურსათო მარაგებზე ზრუნვა, მოსახლეობის სურსათით უწყვეტად მომარაგება და ვფიქრობ, სამინისტრომ ზედმიწევნით მოახერხა ამოცანის შესრულება. ეს კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოვახერხეთ, რომელთაც მინდა მადლობა გადავუხადო. ესენი იყვნენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც ესმოდათ, რომ საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო საქვეყნო ინტერესები. ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ სპეკულაციური ფასებისგან დაცვა, თუმცა გვესმის, ფასები გაიზარდა, ეს იყო გლობალური ტენდენცია, უწყვეტი მომარაგება მთელი რიგი სასურსათო მიმართულებით“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა რიგ მიმართულებებთან ერთად მიმოიხილა სურსათის უვნებლობის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა. მან ასევე ისაუბრა მიწის რესურსების სწორად მართვისა და ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობისთვის, ყურადღება გაამახვილა პროექტის -„დანერგე მომავალი“- მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. მისი თქმით, პროექტს დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანია არსებულ პლანტაციებში პროდუქტიულობის ზრდისთვის.
„ჩვენ ვაპირებთ 200 000 მლნ ლარით თანადაფინანსებას იმ მიმართულებების, რომელიც მიმოვიხილეთ მოკლედ. დარწმუნებული ვართ, 20 000-ზე მეტი სხვადასხვა აქტიური ბენეფიციარი იქნება ამ პროექტებში ჩართული. უფრო მაღალი გვექნება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსება 20212 წელს“, -აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ისაუბრა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებზე, ონლაინ დეგუსტაციებსა და ონლაინ პრეზენტაციებზე ცნობადობის გასაზრდელად. მან ყურადღება გაამახვილა ასევე იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმართულებით მიმდინარეობდა. ისაუბრა მავნებლების ფაროსანას, კალიას, ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელებასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, რომელიც განხორციელდა და ასევე იგეგმება მომავალში. ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კვლევით მიმართულებაზე, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად.
მინისტრის გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს მომხსენებელს, რომელიც ეხებოდა 2020 წლის რთველს, ქართული ღვინის ექსპორტს, ღვინის პოპულარიზაციასა და ბაზრების დივერსიფიკაციას, ნამახვანჰესს, წყლის რესურსის მართვას, აკვაკულტურის პროექტს, თავისუფალ ვაჭრობას, სავაჭრო ურთიერთობის წახალისებას, ნარჩენების მართვას ეხებოდა. მინისტრმა თითოეულ კითხვას უპასუხა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეაფასა სამინისტროს საქმიანობა.
„ჩვენთვის საკვანძოდ სასარგებლოა სამინისტროსთან ერთად მუშაობის შედეგების გაანალიზება სწორედ იმ მონაცემების ჩვენება, რომელზეც დღეს ბატონმა ლევანმა ისაუბრა და ეს იქნება უკეთესი ნაბიჯების დაგეგმვის წინაპირობა. აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტიზაცია ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივაა და მისი ყველა მიღწევა სწორედ უკავშირდება იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რაც გადავდგით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო იმ დროისთვის, მაგრამ ახლა ამ მიდგომას რეფორმირება სჭირდება.
„აგროდაზღვევა, ღვინის პოპულარიზაცია, მრავალწლიანი კულტურების განვითარების მილიონიანი პროექტები, თხილის, ახალი სასოფლო -სამეურნეო კულტურების წარმოჩენა ისეთ როგორიც არის ლურჯი მოცვი და კაკლოვანი კულტურები, თავისთავად ემსახურება ჩვენი აგროსასურსათო პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას და ამის პარალელურად ინსტიტუციური და საკანონმდებლო განვითარება/სრულყოფა თანმდევი და გარდაუვალი პროცესია“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ისაუბრა საკითხებზე, რომელზეც კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად მუშაობს: მიწის რესურსის მდგრადი გამოყენება, ბიო მეწარმეობა, მესაქონლეობისთვის სპეციალიზებული პროექტები. მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკა – შესაბამისად კოოპერაცია. ოპოზიციის წარმომადგენლის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მან კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია ვერ მიიღო რიგ საკითხებზე.
„მინისტრმა ყველაფერი უნდა იცოდეს, მინისტრი ყველა არ იქნება და არ არის. მას ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეს კომპეტენტური პასუხი. სამინისტრომ მუნიციპალიტეტებთან ერთად ისეთი გეგმა უნდა ჩამოაყალიბოს, რომლის შედეგიც გამოჩნდება წლის ბოლოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
უმრავლესობის დროით, ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის რკინიგზის მოდერნიზაციაზე ისაუბრა.
„იმისთვის, რომ კახეთის რკინიგზის მოდერნიზაცია მოხდეს, დაახლოებით, 150 მლნ დოლარია საჭირო. ეკონომიური ეფექტი, აქედან უკუგება რამდენი იქნება, გაცილებით დაბალია. ფერმერმა რომ ამ რკინიგზით ისარგებლოს, არარენტაბელურია“, – განაცხადა მან. მისი თქმით, კარგი ხედვა, სურვილი და რეალობა სხვადასხვაა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, რომელიც უმრავლესობის სახელით გამოვიდა, „ძალიან რთულია, იყო ერთდროულად სოფლის მეურნეობის მინისტრი, იზრუნო მელიორაციაზე, ირიგაციაზე, გქონდეს წარმატებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით, წარმატებით უძღვებოდე ისეთ პროგრამას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობაში და გქონდეს წარმატებები რეგიონში და, იმავდროულად, პარალელურად ხელმძღვანელობდე უწყებას, რომელიც მუშაობს რადიაქტიურ ნარჩენებზე, გეოლოგიაზე, ჰიდროლოგიაზე, მეტეოროლოგიაზე, და ყველა იმ საკითხზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად უკავშირდება ადამიანის სამოქალაქო და სოციალურ უფლებებს.
„ის წარმატებები, რომელიც ჩვენს გუნდს დაწყებული აქვს 2012 წლიდან, ნათლად არის ასახული ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების დოკუმენტში, რომელიც ნათლად ასახავს, რომ საქართველო არის ლიდერი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კუთხით რეგიონში. საქართველომ მოახერხა და დანერგა ის საფუძვლები, რასაც გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოსდაცვითი დემოკრატია ჰქვია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოში ამ მიმართულებით.
„დემოკრატიული მმართველობის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ უკვე მიიღო ახალი კანონები. ეს არის ახალი კანონი გარემო ზემოქმედების შეფასების შესახებ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება ბიომრავალფეროვნებისა და მისი შემადგენელი ელემენტების როგორც განვითარების, ასევე მდგრადი მოპოვებისა და დაცვის კუთხით. შემოდის ტყის რესურსის გამოყენების ახლებური მიდგომები.
„ის, რომ ჩვენი საწვავი, როგორც ბენზინი, ასევე დიზელი, უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს და ვაფართოებთ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ცენტრებს, ქვეყანაში იქმნება ადრეული გაფრთხილების შეტყობინების სისტემები, ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს როგორც თავისი რესურსის მდგრად გამოყენებაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა ისარგებლონ იმ ბუნებრივი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს“, – განაცხადა მაია ბითაძემ. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის მთავარი დაპირება იყო, რომ განსაკუთრებულად პრიორიტეტული იქნებოდა გარემოს დაცვის მიმართულება.
„მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი გუნდი იმ მიზანს, რასაც ეკონომიკისა და ეკოლოგიის თანაბარზომიერი განვითარება ჰქვია, აუცილებლად მიაღწევს და ეს იქნება მთავარი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გაერთიანდეს იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.