„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალური დღის წესრიგში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
ვაშინგტონში, მარიამ ჯაში კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას (ISDC) დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ერისიონის ახალი თაობის – ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტი.
„დღემდე უსაზღვროდ საამაყოა 40 წლის წინ ქართული სიმღერის კოსმოსში მოხვედრის ისტორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ კოსმოსურ კვლევებზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებთან“, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ვაშინგტონში წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ქართული მხარის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ქართულ საკვირაო სკოლასა და დიასპორის წარმომადგენლებთან.