სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლისთვის ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის, სპორტის ობიექტების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების და სასწრაფოების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას და მიმდინარეობას.
2020წელს განსახორციელებელი პრეოქტების დაფინანსება იზრდება
05/07/2019