2019 – 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს.
„აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.