2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

16/01/2019

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წელი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა პირველ რიგში, მოადგილეებს, რაიონის გამგებლებსა და დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა სთხოვა.

„2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი – თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„მინდა მივმართო მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის წინაამდეგ ბრძოლაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილეთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები ჰქვია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და კორუფციის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგაც, მკაცრი ვიქნებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე, შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კომპანიებმა, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისას უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვალდებულება არ შეასრულეს, ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და თვითონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

„ჩვენც გვქონდა ამის მაგალითები, მათ შორის, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. საუბარია 50-მეტრიან მონაკვეთზე. მსგავსი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდში არ უნდა იყვნენ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აფერხებს. შემდეგ მთელი პრეტენზია მუნიციპალიტეტზე მოდის და არავინ უყურებს იმას, რომ იქ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას სხვა მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„ასევე, მინდა შევეხო მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი დაუყოვნებლივ, განმეორებით გამოცხადდება, სადაც იმედს ვიქონიებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას; გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ, რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. მოგვცეს მითითება, რომ პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. მისი განხორციელება თავიდან მოხდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება. უკვე პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ „ისნის“, „თავისუფლების მოედნის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის მოედნისა“ და „წერეთლის“ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ის კომფორტული და ყველაზე სწრაფი იყოს. შესაბამისად, 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მეტროსადგურების რეაბილიტაციის პარალელურად, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც შედის. აღნიშნული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური იწყებს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მოსახლეობას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

„სამუშაოები დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშული ხიდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომაც, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია. ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორ იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და სამუშაოები როდიდან დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია რეაბილიტაციას ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ ორივე თარგსაც ჩაუტარებს. 10 000 კვადრატული მეტრ ფართობის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წელს, უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული ორივე თარგის სრულ რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას გულისხმობს. აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ფართობი დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საინფორმაციო ბანერიც განახლდეს.

„ჩემი თხოვნაა, რომ ამ პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წერია ბუშის ქუჩა, ჩამოვხსნათ და ისეთი გავაკეთოთ, რაც ამ რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება.

„მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ასევე, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. იცით, რომ კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია გვაქვს გაცხადებული. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. რაც შეეხება კახეთის გზატკეცილს, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებითაც გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ სამუშაოები დაიწყოს. აღნიშნულ მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც საკმაოდ მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩასაბარებლად კონკრეტული ადგილები გამოყო. კახა კალაძის განცხადებით, უკვე გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, მოსახლეობას ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში მათი ჩაბარება უკვე შეუძლია.

„ჩემი, თქვენი და ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია კამპანიის – „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, იწყებს აქციას – ჩააბარეთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები ვაკის, კიკვიძისა და რიყის პარკებში, ასევე, ვერის ბაღში, სადაც შეიქმნა სპეციალური სივრცეები. ჩაბარებული მასალა სპეციალურად დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაბარებულ მასალას სპეციალური აპარატით – მულჩერით დააქუცმაცებენ. დამუშავებული მასალა გამოიყენება, როგორც დეკორატიული მიზნებისთვის, ასევე, მიწის გასანოყიერებლად. გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების პროცესი 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს თავდაუზოგავად ემსახურებიან.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისსა და თბილისელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში, მოსახლეობის მხრიდან ზარები არ წყდება. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მაქსიმალურად ემსახურონ თბილისსა და თბილისელებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ისინი მართლაც გმირები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0