საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, კომისიას არ მიუღია არცერთი შეტყობინება რაიმე სახის დარღვევაზე. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც პარლამენტშია წარდგენილი.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა. უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ტარდება.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.
2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა
10/04/2018