2017 წელს საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 2016 წლის საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე – 14 კონკურსზე საქართველოს წარმატება 239 ქულით მარიამ მამადაშვილმა მოუტანა. 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო. ,,მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკურსი არის საერთაშორისო და საკმაოდ ბევრი ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურსის ტრანსლირება თითქმის 50 სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. სწორედ ეს არის ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყანა ამ კონკურსის ჩატარებით მიიღებს. ძალიან პოზიტიურ ჭრილში ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. რაც თავისთავად საერთაშორისო ვიზიტორებზე და ტურისტების შემოდინებაზე აისახება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ მხრივ 2016 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის მიხედვითაც 6.4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ჩვენს ოჯახებში და უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ქვეყანაში“ – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დამატებით ტურისტულ ნაკადს გააჩენს და ქვეყნის მიმართ ინტერესს გაზრდის. ,,საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო საზოგადოების წინაშე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო პროექტით, ევროვიზიით იქნება წარდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, რაც დამატებითი ტურისტული ნაკადსა და დაინტერესებას გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს დამატებით აქტივობებს, მათ შორის ჟურნალისტების მოწვევას იმისთვის, რომ ეს ღონისძიება სხვადასხვა არხების მეშვეობით გამოვიყენოთ და ჩვენს ქვეყანას უცხოეთში გავუწიოთ პოპულარიზაცია“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კონკურსის ფარგლებში საქართველოს ძალიან ბევრი სტუმარი ეწვევა ათეულობით ქვეყნიდან, მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას. საბავშვო ევროვიზია 2017-ის კონკრეტული დეტალები განიხილება და დაზუსტდება საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 22-24 თებერვალს გაიმართება.
2017 წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება
01/02/2017