2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურიზმის სექტორში სექტემბრის თვისა და მიმდინარე წლის 9 თვის გაზრდილი მაჩვენებლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა გააცნეს. როგორც ნინო ჯავახაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2017 წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა 9 თვეში 28.8%-ით არის გაზრდილი. „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის სფეროში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას და უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც 4 სეზონის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად გადაქცევას, სადაც მთელი წლის განმავლობაში იქნება დასვენების, გართობის, საქმიანი ურთიერთობებისა თუ სარეკრეაციო მიზნებისთვის საჭირო გარემო და შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურება“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მისი თქმით, ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან – 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ. შესაბამისად, იზრდება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის დონე – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა. „ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაცია გააგრძელებს მრავალ საერთაშორისო აქტივობას იმისთვის, რომ ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს, მათი გაზრდილი რაოდენობა კი მშრალი სტატისტიკა არ არის – ის ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს“ – განაცხადა ჩოგოვაძემ. პრესკონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთის კურორტებზეც ისაუბრეს, სადაც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე. „2017 წლის ზაფხულში ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი. აქედან, მნიშვნელოვანი ზრდა იყო გუდაურში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2016 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 40 265 ვიზიტორი შეადგინა“ – განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. ონოფრიშვილის შეფასებით, მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს. „მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. თუ საქართველო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, საქართველოში ათეულ ათასობით ადამიანი ჩამოვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას“ – აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა
2017 სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 24.8 პროცენტით გაიზარდა
03/10/2017