20 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, (სოფელ ქვედა საქარასა და ცხრაწყაროში) განახლებული საფეხბურთო მოედნები, მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. 2016 წელს საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტმა 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა. გზების რეაბილიტაცია სოფელ ფუთში, საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში,როდინაულში, ქვედა საქარაში, ილემში, წიფლავაკეში, კლდეეთში, კვალითში, არგვეთაში, შორაპანში, გიორგი ნიკოლაძის, გურამიშვილის, უზნაძისა და კვანტრიშვილის ქუჩებზე დასრულებულია. გარდა აღნიშნული პროექტებისა მიმდინარე წლის ბოლომდე ბარნოვის, ბატონიშვილის ქუჩის პირველი შესახვევისა და ღამბაშიძის ქუჩების საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
გზის მშენებლობის პროექტთა შორის სადგურ სვირისა და მეორე სვირისა და სოფელ როდინაულის სასოფლო გზების რეაბილიტაცია, თავისი მასშტაბებით მუნიციპალიტეტში წლის პროექტთა შორისაა. სადგურ სვირსა და მეორე სვირის პროექტის ღირებულება 2 885 382 ხოლო როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 377 068 ლარს შეადგენს. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ყოველ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების აგება – კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორისაა კვალითის დასახლება, სოფელი დილიკაური და შროშა. წლის ბოლომდე საფეხბურთო მოედნების აღდგენა სოფელ ჭალატყესა და კვალითის დასახლებაში ისევ იგეგმება. დაგეგმილია ასევე 9 აპრილის სახელობის სკვერისა და კულტურისა და დასვენების პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციაც.
2016 წელს ზესტაფონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
10/09/2016