2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ.
„გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა იმ ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც 2020 წლის ბიუჯეტი ეყრდნობა.
„პირველ რიგში ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი, ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ არ გაზრდა და იქ სადაც ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირება.”-განაცხადა გიორგი გახარიამ.