შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

29/08/2023

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დილის 7 საათიდან განახლდა. გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციით პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. აღნიშნული ხევიდან ჩამოშლილი მიწის მასა მთლიანად გატანილია, რათა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი, რომლის განმეორებითი შემთხვევის შანსი სპეციალისტთა აზრით მინიმალურია. ასევე, შეზღუდულია ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილებაც. სამუშაო პროცესს ადგილზე აკვირდებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის პირველ პირებთან ერთად, რომელთაც ყველა შესაბამის უწყებასთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ.
შეგახსენებთ, რომ შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.
ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0