19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

14/04/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებების, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზების თავიდან აცილებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 901 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 338 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 546 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0