თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება. მისი თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.
„16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N302, N308 და N314 მარშრუტზე და ასევე, 16 მარტიდან გავლენ N301 მარშრუტზე, რომელიც მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, დანარჩენი 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მსგავსი დატვირთვის ხაზებზე გადანაწილდება.
„ველოდებით კიდევ 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც დატვირთულ ხაზებზე გადანაწილდება. ჯამში, 160 ერთეული ავტობუსი გვყავს შეძენილი. ასევე, დაწყებული გვაქვს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ პროცედურები უკვე დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დედაქალაქში გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლოს“,- განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს, უკვე შერჩეულია.
„პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გაააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.
„ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის 1-ელ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში გადავეცით, რომელიც გააქტიურებისთვის ერთწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნული ვადა უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დაირგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია დიდუბის რაიონის გამგეობამაც დაიწყო, სარეაბილიტაციო პროექტი კი აგლაძის ქუჩის N38-ში მიმდინარეობს.
„ტერიტორია, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში სრულად განახლდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძაღლების სასეირნო სივრცე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შადრევნის მოწყობა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. რა მიდგომა და დამოკიდებულებაც გვაქვს პარკებთან და სკვერებთან მიმართებაში, ეს ყველგან იქნება გათვალისწინებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.