15 ივნისს ალეკო ლომაძეს თბილისში მხატვართა კავშირი უმასპინძლებს და 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება

23/05/2018

ალეკო ლომაძე შეუცნობელი ნიჭის წყალობით შექმნა ისეთი ფერწერული ტილოები, რომლებიც მალე განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს ქართულ სახვით ხელოვნებაში. საღებავებით მხატვარი თვითონ ამზადებს და ასწლეულებზეა გათვლილი, რომელსაც დაფხვნილი ქვისა და წებოს შეზავებით იღებს. ქვას პირველად 1991 წელს შეეხო, როცა მაცხოვრის ჯვარცმა გამოაქანდაკა, ხოლო „ქვით ფერწერას“ მოგვიანებით დაეუფლა. ალეკო ლომაძე ერთ-ერთი მხატვარია, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა აქვს. მისი დაწერილი ხატები დაბრძანებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების (საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრია) ეკლესიებში და კერძო კოლექციებში.
ალეკო ლომაძის სახელი აღარ არის უცხო ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამხატვრო გალერეებისა და მუზეუმებისთვის. მისი შემოქმედებითი გზა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და განსაკუთრებით კი ლიტვაზე გადის. 2016 წელს ვილნიუსში თბილისობა გაიმართა, სადაც გამოფენაზე მისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
მას მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში 10 მაისს პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, რამაც წარმატებით ჩაირა.
ქობულეთის მუზეუმთან მხატვარი მეგობრებმა დააკავშირა; 2018 წლის 16 თებერვალს ლიტვის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ, მას დიდი სურვილი ჰქონდა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიეღო მონაწილეობა.
„თავისუფლების ფასი“ დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. ალეკო ლომაძის ნამუშევრები ამ ღირსსახსოვარი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება, მისი ერთ-ერთი მასპინძელი ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მუზეუმი იქნება.
„ალეკო ლომაძის გეომეტრიზირებული მინიმალისტური აბსტრაქციები – ეს არის ხაზებით და ფერებით კონსტრურირებული სიბრტყის მასივები და გრაფიკული მოტივები, რომლებიც ასახავს დრამატულ ისტორიებს და დამთვალიერებელს სიმბოლური ლაბირინთებით მიუძღვება თავისებურ, უბრალო ნიშანთა მნიშვნელობების სიმრავლეში. აქ შეიძლება დაინახო დაძაბულობაც და სიმშვიდეც, დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობა. სიმბოლოებთან განმარტოება მნახველს კიდევ უფრო თავისებური აღქმის შესაძლებლობას აძლევს, აქ თითოეულს შეუძლია დაინახოს თავისი გამოცდილება და განცდილი ემოციები, ხოლო ამით ნამუშევრებს მიანიჭოს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, შეიძლება ამოიცნოს საწყისები, მუზები ან ინტენციები“ ( ამონაწერი ლიტვაში გამართული გამოფენის დღიურიდან).
ალეკო ლომაძის ნამუშევრები, სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, 2017 წელს წარდგენილი იყო ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში (მალტა) საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე „ხმელთაშუა ზღვა: სახელწოდებით დაპირისპირებულ სულიერებათა ზღვა“. ალეკო ლომაძე ორგანიზაცია iaf-animamundi-ს ერთერთი დამფუძნებელია.
15 ივნისს ალეკო ლომაძეს თბილისში მხატვართა კავშირი უმასპინძლებს და 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0