13 ივნისის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით, ვერეს ხეობაში მოქალაქეები შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას ანთებული სანთლებით პატივს მიაგეს.
მოქალაქეთა განცხადებით, 13 ივნისი არის ტრაგედიისა და გაერთიანების დღე.
„13 ივნისი არის ტკივილის, მაგრამ ამავდროულად გაერთიანების დღე. მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ რიგითი მოქალაქეები, როგორ ცდილობდნენ ერთმანეთის დახმარებას. მე მიჭირს ამ დღის ემოციების გარეშე გახსენება და არ მინდა ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს. ეს იყო ტრაგედია, რომელიც ჩვენ ყველას დიდი ხანი გვემახსოვრება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ვერეს ხეობაში ასევე 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას მთავრობის წარმომადგენლებმა;სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.