ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

13/11/2023

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც. მინისტრის განცხადებით, წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. მისივე განმარტებით, რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, კი ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელსაც, რომლის შედეგადაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს. შეხვედრას მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების რეგიონული დირექტორი მიჰალ რუტკოვსკი,HD პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, სოციალური დაცვისა და დასაქმების მენეჯერი პაოლო ბელი და ჯანმრთელობის, კვებისა და მოსახლეობის მენეჯერი რეჰა მენონი ეწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0