112-ის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

26/06/2016

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინიციატივით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში ოპერირების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „112“-ის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან.

კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქი და ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) პრეზიდენტი დემეტრიოს პიროსი.

მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესების, ფართომასშტაბიან შემთხვევებში მოსახლეობის ინფორმირების, ქოლ-ცენტრის მოწყობისა და მომიჯნავე სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

კონფერენციის ფარგლებში, სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0