100 დღე დარჩა მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე

13/03/2023

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო. ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე – პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

“100 დღე დარჩა მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე. სასიხარულოა, რომ საქართველოში 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ამ დიდ სპორტულ სანახაობას ქუთაისიც უერთდება და შენგელიას სახელობის განახლებული სპორტული მოედანი მაღალი დონის თამაშებს ივნისის თვიდან უმასპინძლებს. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში და მათ შორის ქუთაისში რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევას და მაღალ დონეზე ჩავატაროთ აღნიშნული ჩემპიონატი. ეს არის კიდევ ერთი საშუალება ქუთაისი წარმოჩინდეს მსოფლიო რუკაზე, როგორც უდიდესი სპორტული ტრადიციის ქალაქი. თითოეული ჩვენგანი ხედავს როგორი წარმატება გვაქვს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ძალოსნობაში, რაგბში, კალათბურთში და ახლა დროა საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდე ნაკრებმა წარმატებით იასპარეზოს აღნიშნულ ჩემპიონატზე“ – ზვიად შალამბერიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ვეტერანმა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა. ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათი ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ განთავსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0