100-მდე დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

24/07/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 100-მდე დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. თითოეულ დევნილს მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცა. პროექტის მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე დევნილებს სხვადასხვა ტიპის ინვენტარი დაურიგდათ: სილამაზის სალონისთვის საჭირო ნივთები, საკონდიტრო და სამკერვალო მოწყობილობები, სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური ინვენტარი, ელექტროხელსაწყოები და სხვა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი). პროექტის ფარგლებში 500 დან 4000 ევრომდე ღირებულების 516 ბიზნეს გრანტი გაიცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0