დაბალი ტემპერატურის გამო დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

12/01/2023

დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს. ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დილიდანვე გაგრძელდა.

„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდონაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით“ – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0