“ცხრაჯვარზე” თანამედროვე ტიპისა და მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი კომპლექსი განთავსდება

06/11/2021

“ცხრაჯვარზე” პირველი თანამედროვე ტიპისა და მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი კომპლექსი განთავსდება, რომელიც 40-მდე დამსვენებელს მიიღებს. პროექტის დეტალებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, თვითმმართველობის და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ცხრაჯვარის ულამაზეს ბუნებაში კონკრეტულ ლოკაციაზე განსაზღვრულია 8 პრემიუმ კლასის კოტეჯის ჩადგმა და თანამედროვე კვების ობიექტის მოწყობა. საინვესტიციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს და საწყის ეტაპზე ტყის ზონაში პირველი საცხოვრებელი/ტურსიტული კოტეჯი უახლოესი ორი თვის განმავლობაში განთავსდება. კოტეჯების განთავსებისას და საერთო სივრცის მოწყობისას არ იგეგმება არცერთი ხის მოჭრა, მიწის და რელიეფის სახეცვლა.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ცხრაჯვარის ტერიტორიის განვითარებას, ტურისტული ბიზნეს-გარემოს ხელშეწყობას, ბუნებრივ გარემოში ეკო-ტურიზმით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვას, ვიზიტორების ნაკადის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ტყიბულისა და ცხრაჯვარის ბუნებრივი გარემოს პოპულარიზაციას!
“ცხრაჯვარზე”, ასევე იმყოფებოდა სს,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტყიბულის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ტოფაძე და მასთან ერთად განიხილეს როგორც აღნიშნული ლოკაციისთვის, ასევე, ზოგადად, ცხრაჯვარის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძლავრით უზრუნველყოფის საკითხები. სამუშაოები მომავალი კვირდან დაიწყება და განხორციელდება ორ ეტაპად. კონკრეტულ ლოკაციაზე ელ-ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სამუშაოების დასრულება განისაზღვრა მიმდინარე თვის ბოლომდე, პარალელურად სამუშაოები დაიწყება ძალოვანი ტრანსფორამტორის შესყიდვა- მონტაჟისა და ტერიტორიის სრულად ელ-ენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ელ-ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. ამასთან ერთად, ეკო-გარემოს შენარჩუნების მიზნით განხორცილედება სხვადასხვა სამუშაოები, განთავსდება სანაგვე ურნები და დაგეგმილია ცხრაჯვარის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება.
“ცხრაჯვარი” საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. წელს დასრულდა ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0