1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი

03/07/2019

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის მიერ დადგმულ სპეციალურ პავილიონში შეუძლიათ. მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, ადგილობრივებს კი საკუთარი ავტომობილების გაჩერება უფასოდ შეეძლებათ.

„მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომანქანების გაჩერება უფასო იქნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პირველ რიგში, თავიანთი ავტომანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ. ეს მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის სხვა უბნებშიც ამოქმედდება. თბილისის მერის განცხადებით, A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. მისი თქმით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო. ამიტომ, ტაქსის ნებართვის მფლობელმა სისტემაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.

„1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B. A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. ჩვენ პირველი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ერთვება იუსტიციის სახლი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და მის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს. კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და ამ გზით დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.

„არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე და იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია, იქ არის ძალიან დიდი მასა ნარჩენების, შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებიდან მივიღოთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე არის საუბარი. ზოგადად დაგეგმილი გვაქვს სეპარირება. პირველ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე ვგეგმავთ. გვინდა, რომ მიწის ქვეშ განთავსდეს სეპარაციის ურნები და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ანალოგიური მიდგომა გვექნება ყველა რაიონში და ყველა უბანში. ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი. მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბრის თვეში. მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი, კერძო საკუთრებაში არსებული 679 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგად, დედაქალაქს დაუბრუნდება.
კახა კალაძის თქმით, მესაკუთრეს დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს ჯამში 27 086 კვადრატული მეტრი მიწის ფართი დაუბრუნდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შენარჩუნებასა თუ მოწყობაზე. გვისაუბრია იმაზეც, თუ რამდენი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. სამწუხაროდ, ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი დიღმის ტყე-პარკია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად იქნა გასხვისებული და დღეისათვის იქ, დაახლოებით, 80% კერძო საკუთრებაშია.

მერად არჩევის შემდეგ მე განვაცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამოგვესყიდა ეს უნიკალური ტყე-პარკი, რადგან ის არის იდეალური მწვანე სივრცე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გარშემო და მათთვის ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი დავუბრუნეთ. თუმცა კიდევ რჩება მიწის ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“ კანდიდატი გახდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერია ფოტოკონკურსს გამოაცხადებს იმისთვის, რომ EBD-ზე წარსადგენი საუკეთესო ფოტოები გამოვლინდეს. ამასთან, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას განმარტებით, EBD-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 30 ფოტო იქნება საჭირო.

„30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ EBD-ის კონკურსში მონაწილეობა მივიღოთ. მანამდე, დედაქალაქის მერია გამოაცხადებს კონკურსს და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში იმიტომ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2020 წელს EBD-ს საუკეთესო ქალაქი გავხდეთ. ფოტოგრაფებმა ფოტოები მერიის ვებგვერდზე, სპეციალურ გვერდზე უნდა ატვირთონ. შემდეგ საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

რაც შეეხება EBD-ის კონკურსს, დედაქალაქის მერის თქმით, გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქალაქი თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით, კონკრეტული ადგილებით, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა თბილისში, გამორიცხულია, რომ მეორედ და მესამედ არ ჩამოვიდეს. ჩემი იტალიელი მეგობრები ერთხელ რომ ესტუმრნენ თბილისს, მას მერე მასზე და ქართველ ხალხზე შეყვარებულები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

European Best Destinations-ის ვებგვერდზე თბილისისათვის შეიქმნება სპეციალური საკონკურსო ლინკი სადაც დედაქალაქის და მისი ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა განთავსდება. ამ ბმულით მსურველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ საშუალება ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.
როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია
„გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ დედაქალაქში ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, ამ მიმართულებით მერია მასტერკლასებს და სემინარებს მუდმივად ატარებს.

“საუკეთესო მახასიათებლები, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად სწორად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამას სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების გაუმჯობესება. ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სემინარი, რომელიც 9 ივლისს ჩატარდება, ამ სფეროს წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

„სემინარი შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს. გარდა ამისა, მინდა „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათი წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტულად ამ სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში, ასევე, გიდებისთვის და Airbnb და booking-ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც გაიმართება. კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის ახალ პროექტზე – დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას ჯამში, დაახლოებით, 16 თვე დასჭირდება და სავარაუდო ღირებულება ორ მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა. რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო, გალავანი. ასევე, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, 52 000 ლარი ჯდება. მწვანე სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში, ტურისტულ ზონაში, შეიქმნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი. ამის შემდეგ მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლების ფასიც გაიზრდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0