1 აგვისტოდან ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს

26/07/2016

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ შეხვედრა ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა. შეხვედრას რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
1 აგვისტოდან ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.
ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა.
ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0