1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით

25/05/2021

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან – საქართველოში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იქნას აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 339315 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 320777 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4654 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 91 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 673 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4094 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0