​საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროფესორები: ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

26/05/2019

სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან. საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერების განვითარებასა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გულნარა ჩაფიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. ნოდარ ნათაძემ და გულნარა ჩაფიძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მათი საქმიანობის დაფასებისათვის. დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვიმყოფებით. ,,ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, მინდა გავიხსენო ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა იმ დროს, როცა არ იყო შესაძლებელი არც დამოუკიდებლობის ხსენება, არც მისი აღნიშვნა. ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს კი, ამ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0