იუსტიციის მინისტრის თქმით, „ჰააგის სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი ის, რაც საქართველომ, როგორც მხარემ, ჰააგის პროკურორის თბილისში ვიზიტისას დააყენა.
„გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას. ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც მის ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას და განადგურებას, ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რასაც ხელი უნდა შეეწყო მათი უკან დაბრუნების პერსპექტივის მოსპობისათვის“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ჰააგის სასამართლოს დასკვნით, იმ ფაქტების მიხედვით, რაც დღეს მათ ხელთაა, ქართველთა ეთნიკური წმენდის მიზანი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიღწევაა.
„დოკუმენტში წერია, რომ ქართველთა ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისათვის და საბოლოოდ გაწყვეტილიყო კავშირი სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ, როგორც მხარემ, თბილისში გავაჟღერეთ
28/01/2016