მათთვის, ვისაც საქართველოს ისტორია ეამაყება, მათთვის, ვისაც საქართველოს ისტორიის უკეთ გაცნობა სურს და ვისაც არასდროს უნახავს ჯრუჭის სახარება 15 მარტს იხსნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს კარი. თქვენ ნახავთ სასწაულს!
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 15 მარტს, 14:00 საათზე გამართავს გამოფენას „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში”.
გამოფენის მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს.
გამოფენა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში. ქიმიური ტექნოლოგიიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის III სართულზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაო-კლარჯული ხელნაწერის ჯრუჭის I სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ისტორიას თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ხელნაწერების გადაწერის კულტურა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის სამუშაოების ამსახველი ბანერები, რომლებზეც ასახული იქნება სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერების რესტავრაციის პროცესები: ხელნაწერის გაწმენდის, ახალი ყდის შექმნის, ხელნაწერის ხელახლა აკინძვისა და სხვა ძალიან საინტერესო პროცესები.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.