ჯოზეფ დაულს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე

27/03/2016

ჯოზეფ დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებაში.
ჯაფარიძე ამ განცხადებით ჯოზეფ დაულის მიერ “რუსთავი 2”-სთვის მიცმეულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

“მთელი ქართული საზოგადოება გააოცა “ევროპის სახალხო პარტიის” საპატიო პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებამ, რომელიც მან ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს შეეხება. დღემდე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც იქნება სავიზო რეჟიმის გაუქმება. ისმის კანონზომიერი კითხვა: ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თავის პარტნიორებს “სახალხო პარტიიდან” არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს “სახალხო პარტიის” წარმომადგენლებს. ჩვენი ღრმა რწმენით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იქცეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბატალიების არენად, არამედ იყოს ინსტრუმენტი კონსოლიდაციის, საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რომლის გამოძახილიც იქნება ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.
სწორედ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მისი ურყევობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე.
ჩვენ კი კვლავაც ვადასტურებთ მზაობას მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო პარტიიდან, რომლებთანაც მზად ვართ კონსტუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებში.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ინფორმაციით, “ევროპის სახალხო პარტია” მხარს უჭერს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესახებ. ამდენად, ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.
სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დიდხანს და ეფექტურად მუშაობდა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს მთელს ქართველი ხალხს ეკუთვნის და მის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვათა მხრიდან მინიშნებების გარეშეც ერთგულია დემოკრატიის ყველაზე მაღალი მოთხოვნებისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0