ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ კომპანია „ჯეოსთოუნის“ საწარმოს ეწვია.
კომპანია „ჯეოსთოუნი“ სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.
„მინდა ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსთოუნის“ მიერ, არა მხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია“ – აღნიშნა ნათია თურნავამ კომპანია „ჯეოსთოუნის“ საწარმოში ვიზიტისას.
კომპანიაში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.