76 მომხრე, 1 წინააღმდეგი – პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – „დამოუკიდებელი მეანი-ექთნის“ საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი). კანონპროექტის მიზანს ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს კანონით შექმნა და მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი შეიქმნება. სწორედ ამ რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ. ცვლილებები შედის ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ ასევე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს
21/02/2024