ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

19/02/2024

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელშიც კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების ვადებია ასახული. კომიტეტის საქმიანობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომითი, დასაქმების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ხანდაზმულთა, დევნილთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების ხელშეწყობა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, 2024 წლის გეგმის ახალი ფორმატი შეიმუშავეს, მასში გათვალისწინებულია წინა წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულების ანალიზი, დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, სფეროში არსებული გამოწვევები და კომიტეტის საჭიროებები. კომიტეტი მიმდინარე წელს იმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით.
კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირის 6 სამართლებრივ აქტს უნდა დაუახლოვდეს. კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა 4 სტრატეგიულ ამოცანას და 41 აქტივობას მოიცავს. ესენია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება; დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა; კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა; კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გეგმის შემუშავებაში სამინისტროსაც მიეცა ჩართვის შესაძლებლობა, გეგმა ძალიან კარგადაა მომზადებული და სრულად მიყვება ჯანმრთელობის სტრატეგიას, სამინისტროს მიზნებსა და გეგმებს. მან იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით შესრულდება. სამოქმედო გეგმა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, პარლამენტის რეგლამენტს, კომიტეტის დებულებას, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ასევე სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია კომიტეტის საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0