ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა

10/10/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ცვლილების თანახმად, ნათესაური მინდობით აღზრდა განისაზღვრება მინდობის აღზრდის უპირატეს ფორმად. მშვილებელი რეგისტრაციის შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაივლის ოჯახის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ნაცვლად ამჟამად არსებული ყოველწლიური შეფასებისა. კანონპროექტის მიხედვით, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში, მინდობით აღმზრდელს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი მოეთხოვება ბავშვის განთავსებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში.

„წარმოდგენილი კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის შედეგების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი განხორციელდა ჩვენი კომიტეტის მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ამ პროცესში გაიმართა კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კომპეტენტურ უწყებებთან. შემოთავაზებული ცვლილებების მიღებით მოქმედი კანონის აღსრულების პროცესი გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0