კანონპროექტი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„საკანონმდებლო პაკეტის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითაა განპირობებული.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ნებაყოფლობითი, კერძო საპენსიო სქემების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა დაიხვეწება და იგი ევროკავშირში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს დაუახლოვდება. კანონპროექტი აწესრიგებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. კანონპროექტი განსაზღვრავს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მონაწილეთა უფლებებს და ადგენს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმებსა და გარანტიებს. ამასთანავე, კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პრინციპებს. კანონპროექტი ასევე ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება ნებაყოფლობით კერძო პენსიას. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები 15-მდე კანონში შედის.